რეპორტაჟი ოპერისა და ბალეტის თეატრიდან
საერთაშორისო ფესტივალ `ჩვენებურების` რიგით მეექვსე სეზონი დასრულებულია. კონცერტები 18 ოქტომბერს გორში, ხოლო 20 ოქტომბერს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის, ინიციატივით ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები და ხელშემწყობები ასოციაცია `ქართული კულტურა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ`, საქართველოს საგარეო საქმეთა, ლტოლვილთა და გასახლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია არიან. წელს საქართველოს მხარდასაჭერად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველთა შემოქმედებითი ანსაბლები და ქართული ფოლკლორით დაინტერსებული უცხოელები აშშ-დან, კანადიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან ეწვივნენ. ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხა ომის დროს დაზარალებულთა ფონდში მთლიანად გადაირიცხა. ჩვვენებურების მე-6 ფესტივალი ესპანეთში უნდა გამართულიყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საზღვარგარეთის ქართული დიასპორების ინიციატივით, ღონისძიება საქართველოში შედგა. ფესტივალმა სტარტი სწორედ დაზარალებული გორიდან აიღო. პირველი კონცერტი 18 ოქტომბერს, დაბომბილი კორპუსების ფონზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა. დასკვნითი საღამო კი თბილისში, 20 ოქტომბერს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა. საღამოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II, ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. კონცერტი გახსნა ცეკვა `რაჭულმა` სიმღერისა და ცეკვის ანსაბლ `რუსთავის~ შესრულებით. ცეკვებს სიმღერები სცვლიდა. მაყურებელთა ტაში და ოვაციები საღამოს დასრულებამდე გაგრძელდა. განსაკუთრებული აღფრთოვანება კი ოდესის ქორეოგრაფიული ანსაბლ `საქართველოს` `დავლურის` მოცეკვავემ, 5 წლის ნოემ, დაიმსახურა. საღამოს დასრულების შემდეგ მონაწილეებს გავესაუბრეთ. ირანის მომღერალთა ჯგუფ `ფერეიდანის` მომღერალი, დავით გუგუნაიშვილი თავს ბედნიერად მიიჩნევს, რადგან ღონისძიების საშუალებით მისი და მისი მეგობრების სახელით ფერეიდანი საქართველოს გვერდით დგას. `ჩვენი ჯგუფი მეოთხე წელია მონაწილეობას იღებს ფესტივალში, ეს კი საქართველოს სიყვარულის ნიშანია. ჩვენ გადავიტანეთ მძიმე დღეები და დღეს ჩვენი ხალხის გვერდით ვართ, გამოვდივართ და ქართულად ვმღერით. ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს ნიშნავს, რომ ქართველები გმირი, ვაჟკაცი ხალხი ვართ,` _ გამართული ქართულით ამბობს დავით გუგუნაშვილი. `ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და გვინდა, რომ დავბრუნდეთ და აქ ვიცხოვროთ`, _ ეს უკრაინის ქორეოგრაფიული ანსაბლ `საქართველოს`მოცეკვავეებეებს მარი გეგეშიძეს, ნანა ცომაიას და ლაშა დანელიას სურვილია. ორ საათში კონცერტი დამთავრდა, თუმცა სარეპეტიციო დარბაზიდან სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მომღერლების ქართული სიმღერის ხმა კიდევ კარგა ხანს გამოდიოდა. ფართო მაყურებელს ჩვენებურები ერთი წლით გამოემშვიდობნენ.
No comments:
Post a Comment